ომბუდსმენობის კანდიდატი კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ივანიშვილს – არა

„მეცენატი შეიძლება თუ არა ოლიგარქად იქნეს მიჩნეული“, – ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატს თინათინ ერქვანიას დღეს, 26 ოქტომბერს,  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მოსმენისას.

ერქვანიამ თქვა, რომ ოლიგარქი უფრო პოლიტიკური ცნებაა, თუმცა საქართველოში ოლიგარქის მაგალითად დაასახელა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი.

სწორედ დავით კეზერაშვილს ასახელებენ ხოლმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, როცა საუბარი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

„ძალიან საინტერესო ქეისია [საქმეა]. ერთი თვის წინ ევროკავშირის სამართლის ფარგლებში ჩართული ვიყავი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის თემაზე საკუთრების უფლების დეფინირების კონტექსტში. თვითონ ევროკავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის მქონე ცნება, რომელსაც ხშირად იყენებენ რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით.

რაც შეეხება მეცენატს, ვხვდები, ვისზეც მეკითხებით. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ტერმინი ოლიგარქი. იურისტებთან მსჯელობებში იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მქონე პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არის რუსეთში სახეზე და საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ. მაგალითად, დავით კეზერაშვილი მგონია, რომ რაღაც დოზით ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. იმიტომ, რომ მასზე კონკრეტული ქეისები არსებობს“, – განაცხადა თინათინ ერქვანიამ.

ოხანაშვილის დაზუსტებაზე, მიაჩნია თუ არა კეზერაშვილი ოლიგარქად, ერქვანია პასუხობს:

„კი ბატონო, ჩემთვის ოლიგარქია“, – უპასუხა ერქვანიამ.

ოხანაშვილმა კითხვის დაზუსტება განაგრძო და ამჯერად ერქვანიას კონკრეტულად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის შესახებ ჰკითხა აზრი.

“ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, რომელიც მეცენატობით არის დაკავებული და მისი საქმიანობა უკავშირდება ქველმოქმედებას, ის ვერ იქნება ამ ობიექტური საზომებით ოლიგარქად მიჩნეული“, – ჰკითხა ოხანაშვილმა ერქვანიას.

პასუხად ერქვანიამ განაცხადა, რომ მის მიერ მოშველიებული დეფინიციის თანახმად, ივანიშვილი ოლიგარქი არაა.

„თუ ოლიგარქი არის ის, რაც აღვწერე, კრიმინალური წარმომავლობის ფულით, ჩართული პოლიტიკაში და რაღაც პროცესებში გადართული, ამას ვერ ვხედავ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში”, – უპასუხა თინათინ ერქვანიამ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ერქვანიას თქმით, სააკაშვილი გარკვეულ საქმეებზე პოლიტპატიმარია, თუმცა მის ადგილას პოლიტიკას ჩამოშორდებოდა