ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სოხუმსა და ცხინვალში გაცემული პასპორტების არაღიარებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ევროკავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის „გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე“ უკრაინის მიმართ და ასევე პასუხია „რუსეთის პრაქტიკაზე, გასცეს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე რუსული საერთაშორისო პასპორტები“.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების, – დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, – დარღვევას. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – განაცხადა ვიტ რაკუსანმა, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა [ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია].

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემი] რუსეთის პასპორტს ფლობს. მათი გაცემა წლების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში ხდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ [ყირიმის ანექსია], ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზას აღარ გასცემდა. შესაბამისად, აფხაზებმა და ოსებმა პასპორტების აღება რუსეთშივე დაიწყეს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვაზე სოხუმი ევროკავშირის ამგადაწყვეტილებას ხისტი განცხადებებით გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ევროკავშირს დაემუქრა აფხაზეთში მისი დაფინანსებული პროექტების დახურვით.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ