სტარლინკი უკრაინისთვის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას გააგრძელებს – მასკი

ილონ მასკის განცხადებით, სტარლინკის სატელიტური ინტერნეტით უკრაინის მხარდაჭერას უფასოდ გააგრძელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ტვიტერზე დაწერა.

“ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ სტარლინკი ფულს კარგავს და სხვა კომპნიები მილიარდობით იღებენ გადასახადების გადმხდელების ფულს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ”, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია „SpaceX“ აცხადებს, რომ აღარ შეუძლია, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხებს პენტაგონს სთხოვს.

მასკის განცხადებით, მის კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებს.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღარ შეეძლო პროგრამის დაფინანსება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით, 1 წლის განმავლობაში, კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი.

მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.

მასკსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.

უკრაინელები სტარლინკის ინტერნეტს რუსეთთან ომშიც იყენებენ კომუნიკაციებისა და დაზვერვის მიზნებით.