რუსეთში პილოტი გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნეს, რადგან მას შეეხო ქვეყანაში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია.
ამის გამო ქალაქ უფიდან ანტალიის მიმართულებით დანიშნული ფრენა 9 საათით გადაიდო.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილობრივმა გამოცემა Mkset.ru-მ დღეს, 14 ოქტომბერს გაავრცელა.
გამოცემა ავრცელებს ერთ-ერთი მგზავრის მონათხრობს, რომლის თანახმადაც, პილოტი პირდაპირ ბორტიდან მოხსნეს და სამხედრო კომისარიატში წაიყვანეს.
„ყველა შოკში იყო. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის თანამშრომლები პილოტის წასაყვანად მოვიდნენ. ჩვენ უნდა გავფრენილიყავით 30 სექტემბრის 5:20 საათზე, მაგრამ საბოლოოდ, ფრენა უფის დროით 14:00 საათზე, დაგვიანებით შესრულდა.
თავდაპირველად ვიცადეთ ორი საათი, შემდეგ ყველა სასტუმროებში გაგვაგზავნეს. მანამდე დინამიკში გამოაცხადეს, რომ მობილიზაციის გამო პილოტს აკრძალული ჰქონდა საზღვრის გადაკვეთა, შესაბამისად, აფრენა გაუქმდა და თვითმფრინავის დატოვება გთხოვეს“, — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
როგორც გამოცემა იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, პილოტმა სამხედრო გაწვევის შესახებ ინფორმაცია სახლში მიიიღო, თუმცა კომისარიატში არ გამოცხადდა.
Mkset.ru მომხდარზე უფის აეროპორტსა და საავიაციო კომპანია AzurAir-ს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიუღია.