ახალი ამბები

პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის კანონს

5 ოქტომბერი, 2022 • 680
პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის კანონს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ოთხ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთთან „შეერთების“ შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ.

ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, „შეერთებული“ რეგიონების საზღვრები ბუნდოვნად განისაზღვრება და გულისხმობს ტერიტორიების საზღვრებს, რომლებიც „არსებობდნენ მათი დაარსების და რუსეთთან შეერთების დღეს“.

ასევე, მანამ, სანამ ამ ოლქებში ახალ მმართველებს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევენ, მართვას უკვე არსებული წარმომადგენლები გააგრძელებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, პუტინი წარადგენს.

ადგილობრივი არჩევნები მომავალ წელს, სექტემბერში გაიმართება.

გარდა ამისა, იმოქმედებს გარდამავალი პერიოდიც, რომელიც 2026 წლამდე გასტანს, რა დროსაც მიმოქცევაში რუსულ რუბლთან ერთად უკრაინული ჰრივნაც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთრად მიიჩნევს, ეს ხელს არ უშლის უკრაინას ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაში.

უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში შეძლო და დაიბრუნა რუსეთის მიერ საკუთრად გამოცხადებული ქალაქი ლიმანი. ასევე, არაერთი დასახლება ხერსონის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი