ახალი ამბები

რუსული მხარე ხერსონში „გადაჯგუფების“ შესახებ იუწყება

5 ოქტომბერი, 2022 • 947
რუსული მხარე ხერსონში „გადაჯგუფების“ შესახებ იუწყება

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Ria Novosti საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული არმია ხერსონის ოლქში „გადაჯგუფებას“ ახორციელებს.

„რუსული არმია მანევრებს ახორციელებს. გადაჯგუფება ძალების მობილიზაციისა და შეტევის საშუალებას გვაძლევს“, – აცხადებს კირილ სტრემოუსოვი.

მისივე თქმით, რუსულმა არმიამ უკრაინული წინსვლა შეაჩერა. „ისინი [უკრაინელები] ვერ შევლენ ხერსონში, ეს შეუძლებელია“, – აცხადებს იგი.

გადაჯგუფება არის ის ტერმინი, რომლითაც რუსეთის სახელისუფლებო და პროპაგანდისტული წყაროები უკან დახევას გამოხატავენ.

რუსეთმა „დონბასის მიმართულებით გადაჯგუფება“ უწოდა ხარკოვის ოლქის დატოვებასაც, მოგვიანებით კი მოუწია დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან „გადაჯგუფებაც“.

ამჟამად უკრაინელები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უტევენ, მათ შორის, ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში.

უკრაინელებს განსაკუთრებული წარმატებები სწორედ ხერსონის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში აქვთ, სადაც უკვე მოახერხეს ათობით დასახლებისა და სტრატეგიული წერტილის დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი