ახალი ამბები

უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად გამორიცხავს

4 ოქტომბერი, 2022 • 505
უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ.

საბჭომ გადაწყვეტილება 30 სექტემბერს მიიღო, თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულება დოკუმენტი, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება, ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის პირველი პუნქტი სწორედ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შეუძლებლობას შეეხება.

გარდა ამისა, საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის სხვა პუნქტებში საუბარია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მხარდაჭერისა და რუსული აგრესიისადმი ადეკვატური პასუხისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შესახებ.

რუსეთმა უკრაინის ოთხ ოლქში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა, სადაც მოსახლეობამ „უპასუხა“ კითხვას, სურდათ თუ არა რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება.

რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა აღნიშნული ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღების გადაწყვეტილებას, თუმცა ამ დღიდან მალევე, უკრაინელებმა შეძლეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ლიმანისა და მიმდებარე სოფლების უკან დაბრუნება. ასევე დაიბრუნეს დასახლებები ხარკოვის, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი