ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე, ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე მცირდება – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე შემცირდება, ხოლო საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე შემცირდება. პრემიერის თქმით, სრული ბიუჯეტი  24.3 მილიარდი ლარი იქნება.

მინისტრი ხუციშვილის თქმით, დღეს მთავრობამ  2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და პირველადი ვერსია მოამზადა, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნის.

ლაშა ხუციშვილმა გაიხსენა 2020 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები, როდესაც დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია, ხოლო საგარეო ვალის მოცულობამ მშპ-ის 60%-ს გადააჭარბა, და განაცხადა:

„გადავდგით არაერთი ნაბიჯი, რომ ფისკალური კონსოლიდაცია განხორციელებულიყო და მაკროეკონომიკური პარამეტრები ჩარჩოში მოქცეულიყო“.

მისი თქმითვე, „2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ფისკალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება 2.8%-მდე, ხოლო ვალის მოცულობა ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, რაც არის ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი“.

ხუციშვილის თქმით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობა იყო მაღალი და ეკონომიკის 10.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა; საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 8 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.3%-ს შეადგენს, ხოლო უშუალოდ აგვისტოში – 10.5%-ს.

„ეს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ძალიან ახლოს იქნება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან [წლევანდელი] ეკონომიკური აქტივობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, მომავალ წელს ნავარაუდებია მშპ-ის ზრდა 5%-ით, რაც, მისი თქმით, კონსერვატიული პროგნოზია, რომლის კორექტირებაც ფაქტობივი მაჩვენებლის მიხედვით მოხდება.

„მშპ-ს მოცულობა 2023 წელს მიაღწევს 80 მლრდ ლარს – დაახლოებით 30 მლრდ ლარით გაიზარდა 2020 წლის შემდეგ“, – განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ „2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი“.

მინისტრი ხუციშვილის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2023 წელს „გადააჭარბებს 7500 დოლარს“.

„2026 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ მპშ-ს მოცულობა იქნება 101 მლრდ ლარი და 1 სულ მოსახლეზე 9500 დოლარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია“, – განაცხადა მან.

ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ბიუჯეტის პრიორიტეტებზე: