ზურაბიშვილი: საქართველო გმობს რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები:

„ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის, რა არის ოკუპაციის ტკივილი“, – ამბობს პრეზიდენტი.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების წინასწარი შედეგები ცნობილია.

როგორც რუსეთის პროსახელისუფლებო მედია წერს, ზაპოროჟიეს რეგიონში, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამომრჩევლების 93.11-მა პროცენტმა ოლქის რუსეთისთვის მიერთებას დაუჭირა მხარი. საოკუპაციო რეჟიმის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 100%.

რაც შეეხება დე ფაქტო ლუგანსკის რესპუბლიკას, RIA წერს, რომ დათვლილია ხმების 91.2%, შედეგად, პროკრემლისტური მედიის განცხადებით, ლუგანსკის რუსეთისთვის მიერთებას მხარი ამომრჩეველთა 98.54%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დე ფაქტო რესპუბლიკას, დონეცკში ჩატარებული „რეფერენდუმის“ ფარგლებში ხმების 31.74 პროცენტია ამ დროისთვის დათვლილი, საიდანაც რუსეთისთვის მიერთებას, დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მხარს 93.95% უჭერს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ასევე სრულად დათვლილი ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვითაც, RIA-ს თქმით, რუსეთისთვის მიერთებას მხარი ამომრჩეველთა 87.05%-მა დაუჭირა.

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და ხმის მიცემა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზებას ვერ უზრუნველყოფს.