პორტალ Biletebi.ge-ს ინფორმაციით, რუსი კომიკოსისა და შოუმენის, მაქსიმ გალკინის წარმოდგენა თბილისში 11 თებერვალს საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

წარმოდგენა თბილისში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი და შემოსული თანხა, ორგანიზატორების თქმით, უკრაინელი დევნილების დასახმარებლად იქნებოდა გამოყენებული, თუმცა მოგვიანებით Biletebi.ge-მ განაცხადა, რომ კონცერტი გაუქმდა.

პორტალი წერდა, რომ ღონისძიების გაუქმების მიზეზი სპორტის სასახლის უარი იყო. სპორტის სასახლის განცხადებით, მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო“, თუმცა biletebi.ge-ში მიიჩნევდნენ, რომ ეს რეალურად უკავშირდებოდა გალკინის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას.

7 თვით გადაიდო რუსული როკ-ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტიც, რომელიც 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნული ღონისძიებაც გალკინის წარმოდგენასთან ერთად გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით, როკ-ჯგუფის კონცერტი თბილისში 7 აპრილსაა დაგეგმილი.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა.

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას.

ომის დაწყებიდან მალევე გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს. გალკინმა არაერთგზის დააფიქსირა ომის საწინააღმდეგო პოზიცია, რის გამოც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ღიად გააკრიტიკა.

აგვისტოში პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, ხოლო გალკინი კვლავ უცხოეთშია.