ახალი ამბები

„რუსული ლენდ-ლიზი“ — რუსეთის და უკრაინის სამხედრო ტექნიკის დანაკარგები

20 სექტემბერი, 2022 • 1182
„რუსული ლენდ-ლიზი“ — რუსეთის და უკრაინის სამხედრო ტექნიკის დანაკარგები

უკრაინის დემილიტარიზაცია რუსეთის ომის ერთ-ერთი გაცხადებულ მიზანთაგანი იყო. ომიდან 7 თვის თავზე მოსკოვი ისე შორსაა ამ მიზნის მიღწევისგან, როგორც არასდროს — გარდა იმისა, რომ კიევის განიარაღების ნაცვლად, მისი ინტენსიური შეიარაღება მიმდინარეობს, რუსეთმა ომში დაახლოებით ოთხჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე — უკრაინამ.

ომის მკვლევართა ჰოლანდიური ჯგუფი Oryx (Oryxspioenkop) რუსეთ-უკრაინის ომის მატერიალურ დანაკარგებს ითვლის ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ცნობებისა და სოციალური მედიაში გამოქვეყნებული ვიზუალური მტკიცებულებების საფუძველზე. ჯგუფს ხელმძღვანელობენ სტიინ მიცერი და იოსტ ოლიემანსი, რომლებიც ადრე ნიდერლანდებში დაფუძნებულ Bellingcat-ში მუშაობდნენ. Oryx 2013 წლიდან ფოკუსირებული იყო სირიაზე, უკრაინის ომის მონაცემების დათვლისას კი მას რეგულარულად ციტირებენ ისეთი მედიასაშუალებები, როგორიცაა: Reuters, BBC News, Guardian, Economist, CNN და CBS News. Forbes-მა Oryx-ს „ამ დრომდე კონფლიქტის ყველაზე სანდო წყარო“ უწოდა იმის გამო, რომ ის იტყობინება მხოლოდ ვიზუალურად დადასტურებული დანაკარგების შესახებ.

დნიპროზე ჩამოგდებული რუსული შვეულმფრენი Mi-24V/P.

Oryx-ის დოკუმენტირებული მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში დაკარგა, სულ მცირე, 6 202 სამხედრო ტექნიკა, აქედან განადგურებულია 3 845, დაზიანებული — 143, მიტოვებული — 303, ნაალაფარი — 1 911. რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დანაკარგებს, ეს არის 1 607 ტექნიკა, აქედან: განადგურდა 919, დაზიანდა 41, მიტოვებული- 44, რუსეთის ნადავლად იქცა 607.

რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგები შემდეგია:

  • ტანკი — 1 148
  • საბრძოლო ჯავშანტექნიკა — 601
  • ქვეითთა საბრძოლო მანქანები — 1 279
  • ჯავშანტრანსპორტიორი — 165
  • ქვეითთა ​​მობილური მანქანა — 127
  • სამეთაურო პუნქტები და საკომუნიკაციო სადგურები — 144
  • სამშენებლო მანქანები და აღჭურვილობა — 205
  • თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა — 25
  • მძიმე ნაღმტყორცნები — 20
  • საარტილერიო დამხმარე მანქანები და აღჭურვილობა — 59
  • ბუქსირებადი არტილერია  — 91
  • თვითმავალი არტილერია — 209
  • მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა — 109
  • საზენიტო იარაღი – 10
  • თვითმავალი საზენიტო იარაღი – 20
  • მიწისზედა საჰაერო სარაკეტო სისტემები — 72
  • რადარი — 15
  • გადამცემების ჩამხშობი სისტემები — 14
  • თვითმფრინავი — 56
  • ვერტმფრენი — 49
  • უპილოტო საჰაერო ხომალდები — 127
  • საზღვაო ხომალდები — 11
  • ლოგისტიკური მატარებლები — 3
  • სატვირთო მანქანები და ჯიპები — 1614

უკრაინის დანაკარგები:

  • ტანკი — 265
  • ჯავშანტექნიკა — 137
  • ქვეითთა საბრძოლო მანქანები — 232
  • ჯავშანტრანსპორტიორი — 107
  • ნაღმებისგან დაცული ჩასაფრების მანქანები (MRAP) — 7
  • ქვეითთა მოძრავი მანქანები — 138
  • სამეთაურო პუნქტები და საკომუნიკაციო სადგურები — 7
  • საინჟინრო მანქანები და აღჭურვილობა — 25
  • თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა — 17
  • საარტილერიო დამხმარე მანქანები და აღჭურვილობა — 12
  • ბუქსირებადი არტილერია — 52
  • თვითმავალი არტილერია — 54
  • მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემები — 22
  • საზენიტო იარაღი — 4
  • თვითმავალი საზენიტო იარაღი — 2
  • მიწისზედა საჰაერო სარაკეტო სისტემები — 46
  • რადარები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა — 22
  • გადამცემების ჩამხშობი სისტემები — 1
  • თვითმფრინავი — 46
  • ვერტმფრენი — 14
  • უპილოტო საფრენი აპარატი — 34
  • საზღვაო ხომალდი — 20
  • სატვირთო მანქანები, მანქანები და ჯიპები — 344

Oryx-ის სია მოიცავს მხოლოდ იმ განადგურებულ სამხედრო მანქანებს და აღჭურვილობას, რომელთა ფოტო ან ვიდეომტკიცებულებაც ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, რეალურად განადგურებული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაფიქსირებულს. ამ სიაში, ასევე, არ შედის მცირე იარაღი, ანტისატანკო მართვადი რაკეტები, პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემები (MANPADS), დრონები, მოძრავი საბრძოლო მასალები, სამოქალაქო მანქანები, მისაბმელიანი მანქანები და გამოუსადეგარი მიტოვებული აღჭურვილობა (თვითმფრინავების ჩათვლით). ორგანიზაცია ცდილობს, განასხვაოს ხელში ჩაგდებული და მიტოვებული აღჭურვილობის სტატუსი. როდესაც აღჭურვილობის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია, ის არ შედის სიაში. სია მუდმივად განახლებადია.

ჩაძირული კრეისერი Москва, რომლის ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია

Oryx-ის მიერ დოკუმენტირებული განადგურებული და დაკარგული აღჭურვილობის წარმომავლობის ანალიზი ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ დაკარგულია ტექნიკა ძირითადად საბჭოთა (1991 წლამდე გამოშვებული) და რუსული წარმოებისაა. საბჭოთა ტექნიკა ჭარბობს უკრაინის დანაკარგებშიც. ფოტო-ვიდეომასალებით არ დასტურდება არცერთი HIMARS-ის განადგურება. რუსეთმა რამდენჯერმე განაცხადა უკრაინაში ამერიკული HIMARS-ის განადგურების შესახებ.

დიდი რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა (მიატოვა) რუსეთმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის დროს სექტემბრის დასაწყისში ხარკოვში. უკრაინელებმა ნაალაფარს რუსული „ლენდ-ლიზი“ უწოდეს.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე მოსკოვის და კიევის ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://batumelebi.netgazeti.ge/news/436895/

მასალების გადაბეჭდვის წესი