„ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

„ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოახდინა.

ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.  გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფი ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი პირობის შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.

მიქანაძის თქმით, წარმოდგენლი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე.

მისი თქმით, ამავდროულად, ცვლილებები პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს:

„წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით ინიცირებული კონკრეტული გეგმა და მიზნობრივი ნაბიჯები ორიენტირებულია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნება პარლამენტის მიერ, დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისიწნებით, პროცესი გაგრელდება მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში. ჩვენი მიზანია, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა მიქანაძემ.


პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED) არ დაუშვა.

მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.  ევროკავშირის მოწოდება კი პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია, სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ISFED-ის დაბლოკვას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში და განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.