ფეხბურთელი საბა საზანოვი, რომელიც მოსკოვის დინამოში თამაშობს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს.
ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის განცხადებით, გუნდის შეკრებას, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, 20 წლის ცენტრალური მცველი დაემატა.
Nakrebi.ge-სთან საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, რომ ფედერაციამ არაერთხელ დააფიქსირა აზრი ეროვნული გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ და მათი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია.
თუმცა, ამასთანავე, იაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მიეცეთ იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს:
„საბა საზანოვს სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდიხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. საბას დედა ქართველია და თვითონ მოთამაშეც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.
ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება“, – ამბობს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მანამდე, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე 21- წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემაც ისაუბრა. სვანაძემ აღნიშნა, რომ პირდად მისი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს და ეს პოზიცია ურყევია. თუმცა, სვანაძის თქმით, „მოსკოვის დინამოს“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე ამ შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება. სვანაძე ასევე აღნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება ფეხბურთელისთვის ცნობილია.
რაც შეეხებე საზონოვს, მას საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და შეეძლო რუსეთის ნაკრებსაც დალოდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრების გუნდები უკრაინაში შეჭრის გამო დისკვალიფიცირებული არიან საერთაშორისო ტურნირებიდან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი მომდევნო ზაფხულს ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს. მეტიც, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა რუმინეთი და საქართველო იქნებიან.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.
