პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ეწურება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის მაგალითია.

„ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის, ამავდროულად, გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება.