„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევა უჩვენებს, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი და მთავრობა „საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად“.

კითხვაზე, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მოქმედებებს შეეხებოდა,  გამოკითხულთა 53 პროცენტი პასუხობს, რომ მთავრობა „საკმარისს აკეთებს“ უკრაინის დასახმარებლად. გამოკითხულთა რიცხვი, რომელიც მსგავსად ფიქრობს, 2 პროცენტითაა გაზრდილი მარტის თვესთან შედარებით, მაშინ როდესაც უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო.

მარტის თვესთან შედარებით ერთი პროცენტით შემცირდა გამოკითხულთა იმ ნაწილის რიცხვი, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა და პარლამენტი მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.