კანადელ ედიტ ლიმეისა და სებასტიენ პელეტიეს 4 შვილი ჰყავთ, მათგან სამს პიგმენტური რეტინიტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვები მხედველობას ნელ-ნელა კარგავენ.

პიგმენტური რენიტიტი (RP) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თვალის ბადურას აზიანებს. ეს დაავადება არ იკურნება.

როგორც CNN-თან ინტერვიუში მშობლები ამბობენ, პირველად დიაგნოზი მათ უფროს შვილს, მიას დაუსვეს. მალევე აღმოაჩინეს, რომ კოლინსა და ლაურენს იგივე სიმპტომები დაეწყოთ.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ და რა სისწრაფით პროგრესიებს [დაავადება], მაგრამ ვვარაუდობთ, რომ შუა ხნის ასაკისთვის ისინი სრულად უსინათლოები იქნებიან“, – ამბობენ მშობელბი.

ოჯახმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად დახმარებოდა შვილებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. მიას ექიმმა მათ ურჩია, რომ კარგი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტი ვიზუალური მოგონება დაეგროვებინათ ბავშვებს. ასე გაჩნდა მსოფლიოში მოგზაურობის იდეა.

„ვიფიქრე, მე არ ვაპირებ, რომ ბავშვს ვაჩვენო სპილოს ნახატი წიგნში, მე ვაპირებ, რომ მას სპილო რეალურ ცხოვრებაში დავანახო. მე შევავსებ მის მეხსიერებას ყველაზე მშვენიერი ხედებით“, – ამბობს ედიტ ლიმეი, ბავშვების დედა.

„სამყარო მათი თვალებით“ – ასე ჰქვია ფეისბუკ და ინსტაგრამ ანგარიშებს, რომლის მეშვეობითაც ოჯახი მოგზაურობის ფოტოებს აზიარებს. დედ-მამა შვილებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს. მართალია, კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები გადადო და 2020 წლის ნაცვლად მოგზაურობა 2022 წლის მარტში დაიწყო, მაგრამ ბავშვებმა უკვე მოასწრეს მოენახულებინათ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მონღოლეთი, თურქეთი, ზამბია, ნამიბია და ტანზანია.