„მოსკოვში იმღერე“ – კრაკოვის საკრებულო უოტერსის კონცერტის გაუქმებას განიხილავს

კრაკოვის საკრებულო როჯერ ვოტერსის კონცერტის გაუქმებას განიხილავს. ამის მიზეზი მუსიკოსის პოზიციაა რუსეთ-უკრაინის ომზე.

Pink Floyd-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა წევრმა, როჯერ უოტერსმა, 4 სექტემბერს საჯარო წერილი გაუგზავნა ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს, ოლენა ზელენსკას, სადაც წერს, რომ მისი მეუღლე:

„აყოლილია უკიდურესი ნაციონალიზმის ტოტალიტარულ ანტიდემოკრატიულ ძალებს“, რომელთაც „გადალახეს არაერთი წითელი ხაზი, რაც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა დაწესებული, რის შედეგადაც უკრაინა დამანგრეველ ომში ჩაება“.

“Did you exchange a walk on part in the war for a lead role in a cage?”

An Open letter to Mrs. Olena Zelenska from Roger Waters – Sunday 4th September 2022

Dear Mrs. Zelenska…

Read more: https://t.co/YPe13ChnwE pic.twitter.com/y7BV1MW2Zw

— Roger Waters (@rogerwaters) September 5, 2022


9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უოტერსი მომდევნო წელს ტურნეს ფარგლებში კრაკოვში ორი კონცერტის გამართვას გეგმავს.

ამ ცნობას პოლონეთში, – რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია,  – უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

კრაკოვის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა მმართველი პარტიიდან, ლუკაშ ვანტუხმა, განაცხადა, რომ საკრებულო 14 სექტემბერს განიხილავს კონცერტების გაუქმების საკითხს.

„უოტერსის, – პუტინის ღია მხარდამჭერის, – მიერ კრაკოვში კონცერტის გამართვა სამარცხვინო იქნება ჩვენი ქალაქისთვის. წადი და მოსკოვში იმღერე“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით ვანტუხმა დააზუსტა, რომ კონცერტის ჩატარების უფლებას სრულად ვერ შეზღუდავენ, თუმცა უოტერსს არ დაუთმობენ მუნიციპალურ არენას, ადგილს, სადაც კონცერტი იყო დანიშნული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უოტერსმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ „უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთთან ომის წახალისების“ გამო. რამდენიმე კვირის წინ მის კონცერტზე, ეკრანზე ჯო ბაიდენის ფოტო გამოისახა, სადაც ეწერა, რომ ბაიდენი „ომის კრიმინალია“.

YouTube video player

Pink Floyd-ის კიდევ ერთ წევრს, დევიდ გილმორს, უკრაინაში ომზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს.

გილმორმა აპრილში გამოუშვა სიმღერა სახელა Hey Hey Rise Up, – უკრაინელ მუსიკოს ანდრეი ხლივნიუკთან ერთად.

YouTube video player

გილმორის თქმით, მისი ვაჟის მეუღლე უკრაინელია, შვილიშვილები კი – ნახევრად უკრაინელები, რაც მას კონფლიქტის სისასტიკის უკეთ გაგებაში დაეხმარა.