მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით.

დოკუმენტი გამოაქვეყნა სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს.

„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა მოაწერა.

მანამდე მოსკოვის მუნიციპალური ოლქის ლომონოსოვის დეპუტატთა საბჭოს წევრებმა მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ასევე, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს და უკრაინაში ომის გამო თანამდებობიდან გადააყენოს. მათ შეუდგინეს ოქმები რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ.