შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს — ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა შ.ა. შეტყობინების მიღების დღესვე დააკავეს.

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.