ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები Netflix-თან მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მომჩივანი მხარე შედეგებით კმაყოფილია.

გაფრინდაშვილის ადვოკატი კახა შარაბიძე აცხადებს, რომ მორიგების ინიციატივა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოსგან წამოვიდა მედიაციის პროცესში კი Netflix-თან შეთანხმებას მიაღწიეს. ადვოკატი შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმც აღნიშნავს, რომ ფილმში არაფერი იცვლება და პატივისა და ღირსების შემლახავი გარემოების აღმოფხვრა მხარეთა შეთანხმებით განხორციელდა:

„ამ ამბების წინაპირობა იყო კალიფორნიის სასამართლოში ქალბატონი ნონას გამარჯვება რითაც სასამართლომ არ გაიზიარა არცერთი არგუმენტი დაცვის და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს პატივის და ღირსების შემლახავი განცხადებისგან თავისუფალ ზონას. ეს იყო პრეცედენტი, რომელსაც ექნება მნიშვნელობა როგორც ამ ინდუსტრიაში ასევე სამართლებრივად ქალბატონ ნონას ამ ძალისხმევამ ეს პრეცედენტი შექმნა სამართლის სფეროში,“ – ამბობს კახა შარაბიძე.

როგორც გაფრინდაშვილის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის მთავარი მიზანი იმ ცრუ ინფორმაციის გაბათილება იყო, რომელიც სერიალში „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), ქართველი მოჭადრაკის მიმართ გავრცელდა. დავის დაწყების შემდეგ კი მედიის საშუალებით მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი არა რუსი, არამედ ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც პირველი დიდოსტატი იყო, რომელიც კაც მოჭადრაკეებთანაც მართავდა შეხვედრებს და თან დიდი წარმატებით:

„მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდა მხარე, რომელსაც მოგებული აქვს სასამართლო და იჯდა მხარე რომელსაც წაგებული აქვს სასამართლო. ჩვენ ყველაფერზე საუბარი არ შეგვიძლია, მაგრამ მნიშვნელოვანია რა იყო მოლაპარაკების წინაპირობა. ყველა პირობა დახურულია ამ მედიაციით, ჩვენ შეგვიძლია ერთადერთ რამეზე გავაკეთოთ კომენტარი, რომ ჩვენ შედეგით კმაყოფილები ვართ ყველა თვალსაზრისით.

მთავარი ამბავი იყო, რომ სერიალში გავიდა არასწორი ინფორმაცია, რომ ქალბატონ ნონას არასოდეს უთამაშია კაცების წინააღმდეგ და ის იყო რუსი. სრულიად მსოფლიო პრესა და საჭადრაკო საზოგადოება აშუქებს ამ მოვლენას უკვე მესამედ და აღარავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ქალბატონი ნონა ქართველი საჭადრაკო ლეგენდაა და რომ ის პირველი დიდოსტატი იყო მსოფლიოში, რომელიც მამაკაცებს ეთამაშებოდა,“ – ამბობს მწარიაშვილი.

ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ საქმე ამერიკული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია და მისი ციტირება აშშ-ში დეფამაციის არაერთ საქმეზე მოხდება:

„ჩვენ ქართველებმა ძალიან დიდი კვალი დავტოვეთ ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში სწორედ ამ საქმით. ამერიკულმა სასამართლომ ძალიან პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონ ნონასთან დაკავშირებით, რომ მხატვრული ნაწარმოები არ არის დეფამაციისგან თავისუფალი სფერო თუ იქ რეალური პერსონაჟი შემოგყავს,“ – ამბობს მწარიაშვილი.