„ოცნებამ“ სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“  სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა. აღნიშნული ცვლილებები მედიას დღეს, 31 აგვისტოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც „ოცნებამ“ წარადგინა, გულისხმობს, რომ პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა ფრაქციების გარდა პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებსაც შეეძლებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეეძლო(ვინაიდან პარლამენტში ფრაქციები მხოლოდ ამ ორ პარტიას აქვს), ცვლილებების შემდეგ ამის შესაძლებლობა პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც ექნებათ.

დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტით კი, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა ფრაქციასა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფს შეეძლო.

სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანი პრინციპია პროცედურის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. ამიტომ,  მისი თქმით, პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ კანდიდატების დასახელების, მათი შეფასების და შემდგომ კანდიდატთა საკომიტეტო განხილვების პროცესში – ყველგან ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეები.

„ინკლუზიურობის პრინციპი მოიცავს იმ სტანდარტსაც, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ყველასთვის არჩევის შესაძლებლობის მინიჭება, ვინც თვლის, რომ შესწევს სახალხო დამცველად მუშაობის უნარი. არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი სწორედ ამ გზით და ეს პრინციპიც დაცული იქნება შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ პრინციპების და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით,  „ქართული ოცნება“  საზოგადოებასა და ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევის  შემდეგი წესს სთავაზობს:

ამასთან, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს.  “ოცნება” კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნება და პარლამენტს ასარჩევად არც ერთი კანდიდატი არ წარედგინება.


მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი აპირებენ მხარი დაუჭირო არასამთავრობო ორგანიზციების მიერ დასახელებულ კანდიდატურებს. სხვა პარტიების პოზიციებს ომბუდსმენის კანდიდატურებზე გაეცანით – აქ.

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.