ადვოკატის თქმით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ  ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის 1 წლით გადავადებას ითხოვენ.

„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

საუბარია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ 29 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ შესაძლოა სააკაშვილს ცალკე ექსპერტიზა ჩაუტარონ.

ხაჭაპურიძის თქმით, თუ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ჩატარება სურს, შეუძლია იმ ექსპერტთა ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობას იკვლევს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა უკვე უტარდება ცენტრ „ემპათიისა“ და უცხოელი ექსპერტების მიერ.  29 აგვისტოს სააკაშვილთან იმყოფებოდა ამერიკელი ფსიქიატრი, ასევე, გაეროში აკრედიტებული შვეიცარელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელთაც რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა მკურნალობა ესაჭიროება სააკაშვილს და აუცილებელია თუ არა მისი უცხოეთში გადაყვანა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დამატებით ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. როგორც ბრეგაძე ამბობს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კარგი იქნება, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.