თბილისის მერიის განცხადებით, ტყუილია, რომ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დროს ხეები დააზიანეს
ხეების ამსახველი სურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაზიანებული ხეები დაათვალიერა „ნეტგაზეთმაც“.
მოტეხილი ხე მელიქიშვილის ქუჩაზე
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში ხეები დაზიანდა, არის ტყუილი. ტროტუარზე არსებული დიდი თარგების გამო, დაწყებულია ხეების გადატანა სანერგე მეურნეობაში და მათ საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირს, აქ დაირგვება ახალი ხეები შესაბამისი თარგის მიხედვით. ცნობისთვის, ბოლო 4 წელიწადში დაირგო 300 000-ზე მეტი მწვანე ნარგავი თბილისში.
სამწუხაროდ, ყოველი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ადგილი აქვს მიზანმიმართულ კამპანიას და მოსახლეობის დეზინფორმირებას, თითქოს თბილისის მერია ანადგურებს ხე-მცენარეებს, ავიწყდება სანიაღვრე ჭების მოწყობა, რეაბილიტირებულ ქუჩას თავიდან თხრის და ასე შემდეგ.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის და სულ მალე კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატება თბილისს“, – წერია მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.
მელიქიშვილის ქუჩა/ნეტგაზეთი
მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მელიქიშვილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. კერძოდ, გაკეთდება ორმხრივი “ბასლეინი” და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდება, საავტომობილო მოძრაობა კვლავ ცალმხრივი იქნება. გაკეთდება ახალი “ზებრა” გადასასვლელები, შუქნიშნები და ველობილიკები, ასევე ვერის ბაღის წინ შემცირდება პარკირების ადგილი.
