მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან რუსეთის მავნე გავლენის შესაჩერებლად – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აგვისტოს ომის მეთოთხმეტე წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ 14 წლის წინ რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები მსოფლიომ საქართველოში დაინახა.

ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან იმუშაოს, რათა რუსეთის მავნე გავლენა შეაჩეროს და რეგიონული უსაფრთხოება გააძლიეროს.

„ყალბი საბაბით თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა მოახდინეს ათიათასობით ადამიანის ეთნიკური წმენდა, გამოიწვიეს უსაფუძვლო ნგრევა და დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. რადგან რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციას და გენოციდს უკრაინაში, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

Fourteen years ago, #Russia‘s violently imperial designs were laid bare for the world to see in #Georgia. After launching an assault on false pretexts, Russia’s forces ethnically cleansed tens of thousands, committed wanton destruction, and today occupy 20% of Georgian territory.

— Helsinki Commission (@HelsinkiComm) August 8, 2022

ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.