ქარელის მუნიციპალიტეტში მანქანა ველოსიპედით მიმავალ ბავშვს დაეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება და რა მუხლით.

Qartli.ge-სთან სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია:

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ცერაფერს გეტყვით“, – ამბობს რწმუნებული Qartli.ge-სთან.

გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო, მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.