ახალი ამბები

აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი 14 წლის წინ დაიკარგა – როგორ ხსნის დავითაშვილი პრემიერის განცხადებას

8 აგვისტო, 2022 •
აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი 14 წლის წინ დაიკარგა – როგორ ხსნის დავითაშვილი პრემიერის განცხადებას

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „14 წელია“, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია.

მთავრობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა პრემიერმა ეს განაცხადი და იყო ეს უბრალოდ არაინფორმირებულობა, თუ – „მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრი ცდილობს, რომ ეს საკითხიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშიროს და ამაში ბრალეულობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდოს?“.

კითხვის საპასუხოდ დავითაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. მან თქვა:

„ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის, ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ ჩვენ და უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დავმალავთ და ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა.“


პემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება 8 აგვისტოს, 00:01 საათზე გაავრცელა ფეისბუკზე და დაწერა:

„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა… ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაწერა, რომ „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ეფექტური კონტროლი გაცილებით მეტი ხანია, დაკარგული აქვს. კერძოდ, თბილისმა სოხუმზე კონტროლი 1993 წლის შემოდგომაზე დაკარგა, 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ.

ცხინვალში დე ფაქტო მთავრობამ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაცხადა, რასაც ასევე სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფართოვდა ტერიტორიები, რაზეც საქართველოს კონტროლი აღარ აქვს (საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე). ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები განთავსდა (გუდაუთაში მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალსა და ჯავაში მე-4 სამხედრო ბაზა).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი