ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამად ესლამიმ განაცხადა, რომ ირანს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, შექმნას ატომური ბომბი, თუმცა ამას არ გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ირანი ირწმუნება, რომ თავის ატომურ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ავითარებს, თუმცა დასავლურ სახელმწიფოებს ამის ნაკლებად სჯერათ.
ობამას პრეზიდენტობისას, 2015 წელს, ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრსა და ევროკავშირთან. შეთანხმების თანახმად, ირანი, ფაქტობრივად, აჩერებდა ატომურ პროგრამას, უარს ამბობდა ურანის გამდიდრებაზე და მზად იყო ბირთვული მასალების მარაგის შესამცირებლად. სანაცვლოდ მას დასავლეთი მოუხსნიდა უმკაცრეს სანქციებს და ეკონომიკას განვითარების საშუალება მიეცემოდა.
2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, აშშ გავიდა შეთანხმებიდან, რის შემდეგაც ირანმა გააგრძელა თავის ატომურ პროგრამაზე მუშაობა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2022 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, ირანი ფლობს 43.1 კგ ურანს, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული. ატომური ბომბის შესაქმნელად კი საჭიროა 90%-მდე გამდიდრებული 25 კგ ურანი.