„მედიაომბუდსმენი“ იუწყება, რომ მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს.
27 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, უკანონო ფარული მოსმენა–მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით 19 ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.
საუბარია 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, „კრებსებზე“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილს.
ამ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს
სია 19 ჟურნალისტისა, რომლებიც ითხოვენ დაზარალებულად ცნობას, ასეთია:
მანამდე, 2022 წლის 12 ივლისს, „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა.
მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი.