ახალი ამბები

გივი მიქანაძე სოლიდარობას უცხადებს კობახიძეს, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

25 ივლისი, 2022 •
გივი მიქანაძე სოლიდარობას უცხადებს კობახიძეს, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გივი მიქანაძე “სრულ მხარდაჭერას” უცხადებს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 25 ივლისს “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, კობახიძემ მამამისის შესახებ დასმული შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”, ჟურნალისტს უთხრა, რომ “კაგებეშნიკი” მამამისია და მას “ქალის სახე” ჰქონდა “დაკარგული”.

მიქანაძე აცხადებს, რომ კობახიძის გუნდში ყოფნა მისთვის დიდი პატივია და ეს ის შემთხვევაა, როდესაც “ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას”:

“ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძე, ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები”, – წერს მიქანაძე ფეისბუკზე.

დღეს, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”. ამაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტს უთხრა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”.

ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მან ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები გაამართლა და ჟურნალისტს უთხრა, რომ “ათჯერ უარესი რომ არ უთხრა” კობახიძემ, “ძალიან გაუკვირდა”. შემდეგ კი ჟურნალისტებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

“მეც მიმძიმს ამ თქვენი მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად. ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. თქვენ იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ…

მე რომ გითხრათ ახლა, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია და აქამდე არ გეუბნებოდით. თქვენ, თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით ადამიანებს და მის ქეისებს, არ იმჩნევთ საერთოდ, ვინაიდან ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და, საბოლოო ჯამში, რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები”, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი