ახალი ამბები

რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შეთანხმების შემდეგ ოდესის პორტი დაბომბა

23 ივლისი, 2022 • 1154
რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შეთანხმების შემდეგ ოდესის პორტი დაბომბა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესას ოთხი რაკეტა ესროლეს, მათ შორის ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი ოდესის პორტს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Unian-ის ცნობით, აგრარული პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების თავდასხმისას ოდესის პორტიდან მარცვლეულის გაგზავნას გეგმავდნენ. პრესსამსახურის ცნობით მარცვლეული ხვალ ან ზეგ უნდა გაგზავნილიყო.

საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის იური იგნატის თქმით, რუსეთის რაკეტა ზუსტად იმ ადგილს მოხვდა, სადაც მარცვლეული ინახებოდა.

“ოდესის პორტში ხანძარია. აი, ესეც მარცვლეულის დერეფანი. [რუსები] ერთი ხელით შეთანხმებას აწერენ ხელს, მეორეთი კი რაკეტებს ისვრიან”, – წერდა უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.

გუშინ, 22 ივლისს უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტის გაგრძელების თაობაზე. ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.

ოდესის პორტზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის და გაეროს გენერალურ მდივან ანტონი გუტერეშისთვის “სახეში შეფურთხებაა”.

სწორედ ისინი შუამდგომლობდნენ ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.


უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

მას შემდეგ, რაც ომისა და სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი