ბიჭვინთაზე კითხვის გამო დაპირისპირების ფონზე ბჟანიამ შეხვედრა დატოვა

აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ კითხვის გამო შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

“ეხოკავკაზას” ინფორმაციით, ჯერ კიდევ შეხვედრამდე არ სურდათ ოპოზიციის წარმომადგენლების დაშვება დარბაზში, რის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

გამოცემის ცნობითვე, საზოგადოების მხრიდან შეკითხვების დასმის დროს, აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ დასვა კითხვა ხელმოწერილ შეთანხმებაზე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ასლან ბჟანიამ კითხვაზე პასუხის დროს მიუთითა აქტივიტს, რომ ბოროტად სარგებლობდა მისი პატივისცემით და ადგილზე დაბრუნება ურჩია, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით კი, მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდები მოჰყვა.

როგორც ეხოკავკზა წერს, ბჟანიამ შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დატოვა. გამოცემის თანახმად, ძალოვნებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.

რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს – ხედვა აფხაზეთიდან