ახალი ამბები

გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი ესწრება

19 ივლისი, 2022 • 818
გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი ესწრება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა ესწრება.

ამის შესახებ პროცესზე თავად ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სხდომაზე ასევე იმყოფებიან პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები. გვარამიამ მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა: ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ჩემს ოჯახს და ასევე, ევროპარლამენტარებს და ელჩებს საქართველოში, რომლებიც აქაც არიან. ჩეხეთის ელჩს ვხედავ, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ევროკომისიის წარმომადგენელსაც. ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და ძალიან მკაფიო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, რომელიც ცოტა ხნის წინ  შემდეგი 6 თვის ვადით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.


„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ერთ-ერთი ბოლო ვინც საააპელაციო სასამართლოში გვარამიას პროცესის გამართვამდე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი იყო, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

„რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას[გვარამიას] შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მათაც უნდა აჩვენონ ყველას, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, – განაცხადა გალერმა.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი