გვარამია: გოგაშვილის საქმეში დიდი რისკია, პირადი ცხოვრების მასალებმა არ „გაჟონოს“

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ სასამართლო სხდომაზე ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას. გვარამიას თქმით, გოგაშვილის დამცველად არ გამოდგება, თუმცა მისი დაკავება სადამსჯელო ოპერაციის შთაბეჭდილებას უტოვებს.

გვარამიას თქმით, გოგაშვილის საქმე დიდი საფრთხის შემცველია და არ გამორიცხავს, სუს-მა პროცესი სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების „გასაჟონად“ გამოიყენოს:

„რა დარღვევაც შეიძლება, ყველაფერი მოხდა ამ კაცის წინააღმდეგ. მე არ გამოვდგები მის დამცველად, მაგრამ მართალი გითხრათ, ჩხრეკა სპეციალური დანიშნულების რაზმის მეშვეობით… ოჯახი ამბობდა, კიდევ კარგი ჩავრთეთ ლაივიო, ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩაერთოთ ლაივი. აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია იყო.

მე არ ვიცი, ის რას გამოაქვეყნებს და რას არა. გულწრფელად ვიტყვი, ის აქამდე მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მხილების პროცესი ორი წელი არ იჭიმება ხოლმე – იჭიმება ვაჭრობის პროცესი. ახლა რას იზამს, არ ვიცი. მაგრამ რისკია ამ საქმეში დიდი… რისკი იმისა, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მოაგროვოს სუს-მა… დააბრალოს გოგაშვილს. რამდენიმე აღიარება ექნება იმიტომ, რომ ტექნიკის და აგენტურის გარეშე ამას ვერ გააკეთებენ. ეს ხალხი წავა მხილებაზე გოგაშვილის და დადებს საპროცესო შეთანხმებას. ეს მასალები დაერთვება საქმეს და „გაჟონავს“ სასამართლოდან. ამ საქმეს სჭირდება ძალიან სერიოზული მონიტორინგი. ასეთი განვითარების ალბათობა არსებობს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.