კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) საქართველოსთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციას შეეხება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ დამაკმაყოფილებლად შეასრულა გაცემული 16-დან 8 რეკომენდაცია. დარჩენილი რეკომენდაციებიდან 6 შესრულდა ნაწილობრივ, ხოლო ორი საერთოდ არ შესრულებულა.
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს არ შეუსრულებია რეფორმა მოსამართლეთა იმუნიტეტის შესახებ, რომლის თანახმადაც ის უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებასთან („ფუნქციონალური იმუნიტეტი“).
ასევე არ შესრულებულა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით უნდა გაფართოვდეს ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე და ქონების დეკლარირება უნდა შეეხოს ყველა პროკურორს.
პარლამენტის წევრების მიმართ GRECO წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიღების შემდეგ, არანაირი ხელშესახები პროგრესი არ ყოფილა დანარჩენი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. ხელისუფლების ორგანოებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ინფორმაცია კანონპროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების პროცედურის მარეგულირებელი უნიფიცირებული ნორმატიული ბაზის შემუშავების შესახებ.
„ეთიკის საბჭო ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა სრულად, ხოლო პარლამენტის წევრებს კონფიდენციალური კონსულტაციები ჯერ არ გასწევიათ.
სამწუხაროდ, არანაირი პროგრესი არ არის პარლამენტის წევრთა ინტერესთა შეუსაბამობის დაუყოვნებლივ გამჟღავნების ვალდებულების შემოღების მიმართულებით“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
რაც შეეხება მოსამართლეებს, GRECO კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების კონკურენტული პროცედურა შესაბამისობაშია მისი რეკომენდაციის მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, GRECO მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას.
ამის მიუხედავად, GRECO-ს სერიოზული ეჭვები გააჩნია კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დაწინაურებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადასინჯოს ან გააუქმოს ამგვარი წესით დაწინაურება.
ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუკერძოებლობა შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი, როდესაც საქმეს ხელმეორედ განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგივე შემადგენლობა და არ არსებობს ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც თავიდან აიცილებს სიტუაციას, როდესაც ვერ გროვდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ორი მესამედის უმრავლესობა.
ამასთანავე, GRECO კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღეს და გამოაქვეყნეს სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესები. კომპეტენტურმა ორგანოებმა ასევე ორგანიზება გაუწიეს ტრენინგს სამოსამართლო ეთიკის განახლებულ წესებთან დაკავშირებით.
მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებისას, GRECO-მ ყურადღება
გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გაუქმდა დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნა და მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებს, შემოიღონ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება.
რაც შეეხება პროკურორებს, GRECO მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ ბრძანების დამტკიცებას, ძალაში შესვლასა და გამოქვეყნებას, რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს ადეკვატურ სახდელებს დისციპლინური გადაცდომების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.
GRECO სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ წინ არ მიდის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მუშაობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის კუთხით და არ არის რაიმე ხელშესახები პროგრესი ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრის გაფართოების მიმართულებით. ის მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს, გააძლიერონ ძალისხმევა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასამოქმედებლად, რაც ყველა პროკურორისთვის
სავალდებულოს გახდის ქონებრივი დეკლარაციების წარდგენას.