ახალი ამბები

პრორუსი და ანტიდასავლელი აქტორების პროპაგანდა ომში ჩართვაზე „ოცნებასთან“ უნისონში — GRASS

6 ივლისი, 2022 • 1534
პრორუსი და ანტიდასავლელი აქტორების პროპაგანდა ომში ჩართვაზე „ოცნებასთან“ უნისონში — GRASS

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

მიმოხილვა აჩვენებს, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება არის პროპაგანდის ერთ-ერთი მიმართულება და ტრადიციულად დეზინფორმაციის აქტორები ავითარებდნენ ცრუ ურთიერთკავშირს EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას შორის.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურის სტატუსის მინიჭების და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების ახალი ტალღების გავრცელება დაიწყო. „ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიდასავლურ და პრორუსულ აქტორებთან უნისონში აკრიტიკებდა ოპოზიციას. მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებდა, რის მაგალითადაც თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში 20 და 24 ივნისს ჩატარებულ აქციებს ასახელებდა“, — ნათქვამია მიმოხილვაში.

ანგარიშის თანახმად:

  • პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის „ომის პარტიამ“ და მისმა „გამორჩეულმა“ ლიდერმა ჯონ მაკკეინმა 2008 წელს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრია. თარხან-მოურავის შეფასებით, აბსოლუტურად იგივე ხდება უკრაინასთან დაკავშირებით — ამერიკელებმა ისინი შეიტყუეს რუსეთის წინააღმდეგ ომში და დასავლეთს და უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება;
  • კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლური პოლიტიკური მოძრაობის „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მაქსიმალური მცდელობა (დასავლეთის მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ), რომ საქართველო საომარ მოქმედებებში გახვიონ“;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური პოზიციებით, ტელეკომპანია „ალტ-ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ლიდერებმა უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ;
  • მსახიობმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ასმათ ტყაბლაძემ, ტელეკომპანია Georgian Times-ის ერთ-ერთ გადაცემაში დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ისინი საომარ მდგომარეობაში არიან და საქართველომ უარი იმიტომ მიიღო, რომ აქ ომი არ არის;
  • ანტიდასავლურმა მედიამ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტ ლევან ადეიშვილთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივამ საქართველო 2008 წელს რუსეთთან ომში გახვია, რამაც გამოიწვია ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება ქართულ საზოგადოებაში. ადეიშვილის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი სატყუარა — ევროკავშირში გაწევრიანება — მოიფიქრა, უკვე ჩაითრია უკრაინა რუსეთთან ომში და ახლა იმავეს ცდილობს საქართველოსთვის;
  • ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამაც „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 28 ივნისიდან 2 ივლისამდე საქართველოში დაგეგმილი „პრაიდის კვირეული“ პროვოკაციული პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაწყებასა და ქართული მაიდანისთვის ნიადაგის მომზადებას. ჩაჩუას შეფასებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა დაიწყება, რაც რუსეთის ყურადღებას მიიპყრობს და ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ ერთი ომი გაჩაღდეს;
  • სოსო მანჯავიძემ თავის სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში ომის პროვოცირებას, რათა რუსეთთან „გეოპოლიტიკურ სავაჭრო მაგიდაზე მეტი საკითხი იყოს“. მანჯავიძის თქმით, იგივე დაემართა უკრაინას, ახლა კი დასავლეთი საქართველოს უბიძგებს, რომ კიდევ ერთი ფრონტი ჰქონდეს
    რუსეთის წინააღმდეგ;
  • პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ერთერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება პროპაგანდისტული მანიპულაციისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინა ჯოჯოხეთში გამოატარა ევროკავშირის წევრობის ცრუ დაპირებით; მარტინენკოს მტკიცებით, ახლა დასავლეთი ცდილობს იგივე გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით;
  • ანტიდასავლური და პრორუსული მედიის Isari.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომში არიან და საქართველომაც მეორე ფრონტი უნდა გახსნას იმავე სტატუსის მოსაპოვებლად;
  • კიდევ ერთი ანტიდასავლური მედიის – „საერთო გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ ღია წერილით მიმართა ქართულ საზოგადოებას, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში 24 ივნისს დაწყებული
    ევროკავშირის და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია სინამდვილეში მიზნად ისახავს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციას და ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხარჩილავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეორე ფრონტს გახსნის და დაუყოვნებლივ დაიწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ  კი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ამ თემაზე:

“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

„ასეთი ევროპა არ გვჭირდება“ — (პრო)სახელისუფლებო პროპაგანდა

მასალების გადაბეჭდვის წესი