ახალი ამბები

გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა – ელისაშვილი

4 ივლისი, 2022 • 945
გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა – ელისაშვილი

პარტიის „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, „გაპოლიტიკოსებულმა NGO-ებმა“  გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ, საბოლოოდ კი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა.

ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საუბრობს.

მისი თქმით, ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა და ამისთვის დეკემბრის ბოლომდე უნდა შესრულდეს 12 პუნქტად ჩამოწერილი დავალება.

„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას.  თუმცა გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო, იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა.

და მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ – ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ ქართულ ოცნებას გაძლიერებაში. დღეს ოცნებაა ტაქტიკურად მოგებული. ეს ხომ ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა“, – წერს ელისაშვილი.

მისი თქმით, ვითარება მარტივია- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებას რომ  12 პუნტი შეასრულებინონ- თუ სათანამშრომლოა, უნდა ეთანამშრომლონ, საჩხუბარია, უნდა ეჩხუბონ.

„ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე – ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს. “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები.

12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები!
საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი!
საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“ – წერს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი