ახალი ამბები

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

4 ივლისი, 2022 • 763
„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა.

კერძოდ, გაფიცულები არიან „რუსთავის ფოლადის“ ქარხნის სორტული საამქროს თანამშრომლები [ეს არის საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს].

პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის ცნობით, საამქროში 130-მდე ადამიანი მუშაობს და მათი უმრავლესობა გაფიცულია, – „მხოლოდ რამდენიმე მშრომელია საამქროში დარჩენილი, რათა დანადგარები არ დაზიანდეს. საამქრო გაჩერებულია“.

დოლაბერიძის თქმითვე, გაფიცულების მოთხოვნებია:

  1. ხელფასის 30 პროცენტით მომატება;
  2. მე-13 ხელფასი.

მისი ცნობით, 29 ივნისს დასაქმებულებს შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციასთან, სადაც მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს გაფიცვა.

„დილით ყოფილა ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩამოსული და უთქვამს, რომ 50 ლარს მოუმატებს წელს ორჯერ, მომავალ წელს კი – კიდევ ერთხელ, მომავალი წლის მარტში. ჯამში, მომავალი წლისთვის 150 ლარის მომატება გამოდის, რაც მათი ხელფასის დაახლოებით 15%-ია“, – ამბობს  დოლაბერიძე.

დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, მისი ცნობითვე, დაახლოებით 900-1000 ლარია.

დასაქმებულები ხელფასების 30%-იან მატებას ითხოვენ: „ეს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა იმიტომ, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ბევრად მეტით არის ფასები გაძვირებული“, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.

მისი თქმითვე, კომპანიის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ახალი ღუმელის დამატებისას, დადო პირობა ხელფასების 100 ლარით მომატებაზე, თუმცა ახალი ღუმელის ამუშავებასთან ერთად, ეს დანაპირები არ შესრულებულა.

„თვითონ დასაქმებულები ამბობენ, რომ მაშინ ეს დაპირება რომ შეესრულებინათ, შეიძლება ეს გაფიცვა აღარ დაწყებულიყო“, – გვეუბნება დოლაბერიძე.

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, „ამ საკითხთან დაკავშირებით დასაქმებულებს მაისის დასაწყისიდან ჰქონდათ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, ვერავინ დააბრალებს მათ, რომ გაფიცვა მოულოდნელი ან სპონტანურია“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შპს „რუსთავის ფოლადს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად. კომპანიაში აცხადებენ, რომ „კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გაგებით ეკიდება თანამშრომელთა მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ“.

„ამჯერადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამშრომელთა ამ ჯგუფთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ“, – აცხადებენ კომპანიაში.

„რუსთავის ფოლადში“ ამბობენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებს ხელფასები 5-ჯერ (ხუთ სხვადასხვა დროს) გაუზარდეს. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი

„თანამშრომლებს არასოდეს დაგვიანებიათ ხელფასის ჩარიცხვა, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და მუშაობაში საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის, რის შესახებაც თანამშრომლებიც ინფორმირებული იყვნენ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ბოლო შეხვედრის დროს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი