ახალი ამბები

სტატისტიკა უჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს – „ნიუსვიკი“

1 ივლისი, 2022 • 4020
სტატისტიკა უჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს – „ნიუსვიკი“

„რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ინგრევა“, – იუწყება გამოცემა „ნიუსვიკი“.

„ნიუსვიკის“ თანახმად, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის, აჩვენებს, რომ ომის შემდეგ წარმოება მრავალ სექტორში დაეცა, დაწყებული მანქანებიდან, დასრულებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

მაგალითად:

  • „ყველაზე მეტად დაზარალდა  მანქანების წარმოება და ახლა ის 96,7 პროცენტით არის შემცირებული 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით;
  • სატვირთო მანქანების წარმოება დაეცა 39,3 პროცენტით;
  • დიზელისა და ბენზინის ძრავების წარმოება -57 პროცენტით;
  • დიზელის ლოკომოტივების- 63,2 პროცენტით;
  • სატვირთო ვაგონების წარმოება – 51,8 პროცენტით.

საჰაერო ტვირთების მოცულობა წელიწადში 86 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, შემცირდა მაცივრების წარმოებაც – 58,1 პროცენტით, სარეცხი მანქანების წარმოება – 59,2 პროცენტით, გამაგრილებელი ელექტროძრავების წარმოება – 49,9 პროცენტით, ტელევიზორები – 49,7 პროცენტით.

ლიფტების წარმოება შემცირდა 34,7 პროცენტით, ექსკავატორებისა კი – 60 პროცენტით.
სიგარეტის წარმოებაც შემცირდა  24,5 პროცენტით.

„ნიუსვიკის“ თანახმადვე, შმცირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით, რაც უკავშირდება დაბალი ხელფასებსა და მაღალ ინფლაციას.

გამოცემის თანახმადვე, პენსიები დაეცა რეალურ მაჩვენებლებში – მაისში 8,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო აპრილში ხელფასები  7,2 პროცენტული პუნქტით იყო შემცირებული.

„ნიუსვიკი“ წერს, რომ ეს მონაცემები „აშკარა ნიშანია იმისა“, რომ რუსეთის ეკონომიკა „სულს ღაფავს“,  მიუხედავად იმისა, რომ რუბლი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაზეც უკრაინაში შეჭრამდე იყო.

ამასთან, მთლიანობაში, „რუსეთის სამრეწველო წარმოების ინდექსი“ მაისში 1,7 პროცენტით შემცირდა 2021 წლის მაისთან შედარებით.

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის“ (IIF) პროგნოზით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 15%-ით შემცირდება, რუსეთის ცენტრალური ბანკი კი აცხადებს, რომ ეკონომიკის 7.8%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი