ოდესაში საცხოვრებელი სახლის და გასართობი ცენტრის დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაში საცხოვრებელი სახლსა და გასართობ კომპლექსზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,  საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა, 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 30-ს აჭარბებს. გასართობი ცენტრის დაბომბვას კი სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი ბავშვია.

ბოლო დღეების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. რამდენიმე დღის წინ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა. საცხოვრებელი სახლები დაიბომბა მიკოლაივშიც.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია ათასობით ადამიანი, 10 მილიონამდე უკრაინელი კი იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მათი ნაწილი კი სხვა ქვეყანაში გადავიდა.