FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს — პაპუაშვილი დეგნანის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს.

ასე უპასუხა მან აშშ-ის ელჩის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას. აშშ-ის ელჩის თქმით, ის, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, FSB-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

FSB არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.

„არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარზე გავაკეთებ კომენტარს. მე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს და ვის აქვს წაკითხული, არ ვიცი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. მათ შორის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს სწორედ ამ შეთქმულების თეორიის ნაწილად განიხილავენ.