ახალი ამბები

ლომჯარიას თქმით, მოსამართლეთა „კლანს“ ლომის წვლილი აქვს კანდიდატობაზე უარის მიღებაში

28 ივნისი, 2022 • 1175
ლომჯარიას თქმით, მოსამართლეთა „კლანს“ ლომის წვლილი აქვს კანდიდატობაზე უარის მიღებაში

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით არჩევა ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. კლანის წევრები ევროინტეგრაციის პროცესში თავიანთ პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში ლომის წვლილი სწორედ ასეთ ადამიანებს მიუძღვის.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სწორედ მათი, ამ ტიპის გადაწყვეტილებების გამო და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო საქართველოს ცოტა ხნის წინ უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა, არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ლომჯარიამ.


27 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კიდევ 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძის გარდა საბჭოს ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავს. ჩინჩალაძე ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით აირჩიეს.

მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა, რადგანაც, მათი განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც  კლანად მოიხსენიებენ.

შესაბამისად, NGO-ები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებდა ამ გავლენიან ჯგუფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი