ახალი ამბები

უკრაინამ ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემები მიიღო

23 ივნისი, 2022 • 1423
უკრაინამ ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან HIMARS-ის სარაკეტო სისტემები მიიღო.

„ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება. და უკანასკნელიც, ზოგიერთი მათგანისთვის“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერის პოსტში, სადაც მადლობა გადაუხადა თავის ამერიკელ კოლეგას გაწეული დახმარებისთვის.

მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემებს — M-270 MLRS ან HIMARS — შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

HIMARS და MLRS უზრუნველყოფენ მსგავს შესაძლებლობებს და დიაპაზონს, მაგრამ HIMARS არის მსუბუქი ვერსია, რომელიც მოძრაობს ბორბლიან შასიზე და საათში 50 მილს ავითარებს. MLRS მოძრაობს ლიანდაგზე და შედარებით ნელა. HIMARS-ს შეუძლია ექვსი რაკეტის გასროლა ერთდროულად, ხოლო MLRS-ს — 12-ის გაშვება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე იყენებენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცებს, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 25 კმ-ია, მაგრამ მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემები მათ საშუალებას მისცემს, მისწვდეს უფრო შორ სამიზნეებს, რასაც კიევი ჯერ კიდევ მარიუპოლის ალყიდან მოყოლებული, შემდეგ კი დონბასში გადამწყვეტი ბრძოლებისას ითხოვდა. დასავლეთში შიშობდნენ, რომ უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, კონფლიქტის მეტ ესკალაციას და მოსკოვის არაპროპორციულ რეაქციას გამოიწვევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი