უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს — ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, იოზას ოლეკასი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის.

ევროპარლამენტში გამართული დებატებისას მან მიულოცა ევროკომისიას „ობიექტური შეფასება“ და თქვა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„ყველაზე მეტად კი უკრაინა, რომელიც დღეს საკუთარი ხალხის სიცოცხლის ფასად იცავს ევროპულ ღირებულებებს. მათ მიიღეს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგალითად, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო დახმარების მიწოდებით და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით. მჯერა, მომავალში ამ სამ ქვეყანას შეუერთდება ბელარუსიც, რომელიც გახდება დემოკრატიული. თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთზე“, – განაცხადა იოზას ოლეკასმა.

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები ევროპული საბჭოს დეგეგმილ სხდომასთნ დაკავშირებით, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტში გამომსვლელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის — როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.