ახალი ამბები

კობახიძე: ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან

17 ივნისი, 2022 • 1317
კობახიძე: ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის შეფასების გასაჯაროების შემდეგ აცხადებს, რომ დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითზე საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. კობახიძის თქმით, საქართველოში ოლიგარქები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ოლიგარქებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად:

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ოლიგარქი. დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი მეორე ოლიგარქია და მასზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს მიყვანილი ბოლომდე. ყველა საკითხს შევეხებით. ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, იგულისხმებოდა თუ არა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა:

„ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის ნაგულისხმები. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავის კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი. გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე. თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამხოლოდ ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღეს, 17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, ხოლო პირობების შესრულების შემდეგ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ერთი-ერთი პირობა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კონტექსტში დაასახელა, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი