ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია

16 ივნისი, 2022 • 532
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდებს მას, შეიწყალოს  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ამბობენ, რომ გვარამიას დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„სამართლიანი კრიტიკა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ აისახა, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში.

მოხარული ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სახალხო დამცველის , საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებები. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.“

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ  შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფო მეთაურთა ძალაუფლების პაკეტის ისტორიული კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს.

„ურთიერთშეკავების და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის რამდენიმე ტრადიციული მიზანი განიხილება. მათ შორისაა ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა, ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები“, – ამბობს კოალიცია.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
2. ლიბერალური აკადემია თბილისი
3. მედიაკლუბი
4. მედიის განვითარების ფონდი
5. მედიის ომბუდსმენი
6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
7. სატელევიზიო ქსელი
8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
9. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
10. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
11. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
12. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
13. ღია საზოგადოების ფონდი


პროკურატურამ ნიკა გვარამიას 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

16 მაისს გვარამიას 3.5 წელი ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო მიუსაჯეს, კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, რუსთავი 2-მა განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი