ახალი ამბები

აშშ უკრაინას $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის – ბაიდენი

15 ივნისი, 2022 •
აშშ უკრაინას $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.

სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოიცავს ისეთ იარაღს, როგორიცაა სანაპირო დაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები და საარტილერიო დანადგარები. ასევე, საბრძოლო მასალას.

„დილით ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით, რადგან ის იცავს მის დემოკრატიას და მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის ფონზე“, – წერია ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენის თანახმად, უკრაინა 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიიღებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას დაახლოებით 4.6 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო მხარდაჭერა გამოუყო.

ამერიკაში მიიღეს ე.წ. „ლენდლიზის“ აქტიც, რომელიც ქვეყანას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გაუმარტივებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი