ახალი ამბები

რუსეთი ხიდების აფეთქებით ცდილობს სევეროდონეცკის იზოლაციას – უკრაინა

13 ივნისი, 2022 • 587
რუსეთი ხიდების აფეთქებით ცდილობს სევეროდონეცკის იზოლაციას – უკრაინა

უკრაინის აღმოსავლეთში სევეროდონეცკისთვის ბრძოლები გრძელდება, სადაც, უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთი ცდილობს ქალაქისა და დანარჩენი უკრაინის დამაკავშირებელი ხიდები ააფეთქოს და ამით სრულ იზოლაციაში მოაქციოს.

ოლქის გუბერნატორის, (უკრ.) სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსეთმა უკვე ააფეთქა მდინარე ჩრდილოეთის დონეცკზე არსებული 2 ხიდი და ცდილობს ააფეთქოს ბოლო, მესამე ხიდიც, რის შემდეგაც ქალაქის ჰუმანიტარული და სამხედრო ტვირთებით მომარაგება თითქმის შეუძლებელი გახდება.

„როგორც მესმის, მათ სურთ სრულიად მოსწყვიტონ სევეროდონეცკი, რათა შეუძლებელი გახდეს ხალხის ევაკუაცია და შეიარაღების მიწოდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ისინი შეეცდებიან, რომ სრულიად აიღონ ქალაქი, ან დაიკავონ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზა, რომელსაც უკრაინული მხარე აღმოსავლეთის ფრონტის ნაწილის მომარაგებისთვის იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქში ბრძოლები თითოეული მეტრისთვის მიმდინარეობს.

სევეროდონეცკი აღმოსავლეთ უკრაინაში, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ბოლო დიდ დასახლებას, რომელსაც ლუგანსკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ვერ აკონტროლებენ.

შესაბამისად, ომის მეორე ფაზის მიზნის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპაციას, ქალაქის დაკავება კრემლისთვის დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი