შსს: დადგენილია პირი, რომელიც მცხეთის რესტორანში ისროდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადგენილია პირი, რომელიც მცხეთაში მდებარე რესტორან „მარანში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენება-შენახვას და ხულიგნობას გულისხმობს.

გუშინ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მცხეთაში მდებარე რესტორან „მარანში“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. უცნობია, როდის არის გადაღებული გავრცელებული ვიდეოჩანაწერი.