ახალი ამბებიეკონომიკა

2022 წლის I კვარტალში $568 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა – საქსტატი

9 ივნისი, 2022 • 4043
2022 წლის I კვარტალში $568 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის I კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებს.

ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.

უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ესპანეთი – 196.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ აშშ დოლარით (15.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი