თბილისის მერის ახალი მოადგილე კახა გულედანი იქნება – კალაძე

დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტს ილია ელოშვილის გარდაცვალების შემდეგ კახა გულედანი დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 8 ივნისს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, კახა გულედანი მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობას და მუნიციპალურ ინსპექციას უხელმძღვანელებს, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას. ამასთან, კალაძის თქმით, მისი “ერთ-ერთი პრიორიტეტი დაუსრულებელი მშენებლობები იქნება”.

“კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. დღეს ის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს, წლების წინ ის იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, იყო ასევე სამგორის რაიონის გამგებელი”, – განაცხადა კალაძემ.

ილია ელოშვილი 1 ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე საკრებულოს ლევან ნაროუშვილის კანდიდატურას წარუდგენენ.

ის დღემდე გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა